
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარი მიზანი უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების მშვიდობიანი მოსახლეობის ფსიქოლოგიური დასუსტებაა. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ გაზეთ Il Foglio-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
იტალიელი ჩინოსანი მიიჩნევს, რომ კრემლის ხელმძღვანელს, დასახული მიზნების მისაღწევად, ზამთრის გამოყენება სურს. გაზსადენებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე მიზანმიმართული თავდასხმების ბრძანებებს სწორედ ამიტომ გასცემს.
"ახლა მისი მიზანი მშვიდობიანი მოსახლეობის ფსიქოლოგიური დასუსტებაა. მას სურს, ევროპული საზოგადოებრივი აზრის მდგრადობა კიევიდან, ოდესიდან, ლვოვიდან მასობრივი გასახლების პროცესის დაწყებით გამოცადოს. როდესაც ზამთრის სეზონის დადგომის წინა დღეს, 7, შესაძლოა, 10 მილიონი უკრაინელი სითბოსა და სინათლის გარეშე დარჩება. მით უმეტეს, როცა იმ მხარეებში 25 გრადუსი ცელსიუსიც კი იცის, და მერე ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი ევროპაში თავშესაფარის ძიებაში იქნება“, - განაცხადა მან.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს ასევე მიაჩნია, რომ G20 სამიტის მსვლელობის დროს მასირებული დაბომბვით, პუტინს სურდა ნათლად ეჩვენებინა, რომ მის გარეშე მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი გადაწყდებოდა.
”ის, რაც პუტინმა G20 სამიტის მეორე დღეს გააკეთა, ამ ომში მის უუნარობაზე მიუთითებს ”, - თქვა კროზეტომ.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ამ მეთოდს ადრეც იყენებდა: აპრილში პუტინი კარგად დაფიქრდა, სანამ გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს კიევში რაკეტებს ჩამოაგდებდა.
"პუტინი ახლა ნებისმიერი გარე ზეწოლის მიმართ გულგრილია. ეს არის მისი პირადი ხაზი", - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტს გაცილებით ნაკლები შიდა უთანხმოება აქვს, ვიდრე მთავრობის ნებისმიერ მეთაურს დასავლეთში.
„მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ თავის არჩევანში პუტინი ისეთი ადამიანის სიჯიუტეს ავლენს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ძალიან შორს წავიდა, რათა უკან დახევაზე დათანხმდეს“, - განაცხადა იტალიელმა ჩინოსანმა.
0
0