28/10/2022
11:49
მსოფლიო
„მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება გაანადგურებს სეულსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა უარყო, რომ სეულმა უკრაინას რაიმე ლეტალური თავდაცვითი იარაღი მიაწოდა,“ - იუწყება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი.
პუტინმა ეს განცხადება, ხუთშაბათს, მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. მან დასავლეთი უკრაინის ომის წაქეზებაში დაადანაშაულა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გაანადგურებს. „როგორი რეაქცია ექნება სამხრეთ კორეას, თუ ჩვენ ჩრდილოეთ კორეას იარაღს გავუგზავნით და ამ სფეროში მასთან თანამშრომლობას განვაახლებთ?“ - მიმართა პუტინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს.
”ჩვენ უკრაინას ჰუმანიტარული და სამშვიდობო დახმარება გავუწიეთ საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სოლიდარობის მიზნით, მაგრამ არასოდეს გაგვიგზავნია ლეტალური თავდაცვითი იარაღი ან რაიმე მსგავსი.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის საკითხია და მინდა, იცოდეთ, რომ ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ მშვიდობიანი და კარგი ურთიერთობები მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან”, - განუცხადა იუნ სუკ-იოლმა ჟურნალისტებს.
Yonhap-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის მთავრობამ უკრაინას ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, ჩაფხუტები და სხვა არალეტალური სამხედრო და სამედიცინო დახმარების მარაგი გაუგზავნა, ხოლო არ მიიღო კიევის მოთხოვნა იარაღის მიწოდების შესახებ.
შეერთებული შტატების მოკავშირე, სამხრეთ კორეა ამტკიცებს, რომ უკრაინას ლეტალური თავდაცვითი იარაღით არ დაეხმარება რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, როგორც ეკონომიკური მიზეზების, ასევე იმ გავლენის გამო, რომელიც მოსკოვს შეუძლია მოახდინოს ჩრდილოეთ კორეაზე.
0
0