10/10/2022
10:50
მსოფლიო
CNN-ის ანალიტიკოსი ჯილ დოუერთი წერს, რომ კრემლი შეეცდება, რომ უკრაინელების მხრიდან ყირიმის ხიდზე (ქალაქ ქერჩთან დამაკავშირებელი ხიდი) თავდასხმა არც ისე სერიოზულად წარმოაჩინოს. რუსეთმა დაუყოვნებლივ გაგზავნა უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე სასწრაფო დახმარების დიდი ჯგუფი და ადგილზე მიყენებული ფიზიკური ზიანი შეიძლება მალევე აღდგეს; თუმცა რუსეთის პრესტიჟის და, რაც მთავარია, ვლადიმერ პუტინის იმიჯის შელახვა არც ისე ადვილი გამოსასწორებელი იქნება. ეს ის სიმბოლური ხიდია, რომლის ასაშენებლად რუსეთის ხაზინიდან თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოიყო.
პუტინი, როგორც ჩანს, თვლის, რომ უკრაინის რუსეთში დაბრუნება მისი ისტორიული ბედია. პუტინი ყირიმის ხიდის აფეთქებას არა მხოლოდ მთლიანად რუსეთზე თავდასხმად, არამედ პირად შეურაცხყოფად ჩათვლის და ის, სავარაუდოდ, ამ „ტერორისტულ აქტს“ სასტიკად უპასუხებს.
ყირიმის ხიდზე თავდასხმიდან ერთი დღის შემდეგ, რუსული ძალები უკრაინაში სამოქალაქო საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას ინტენსიურად ბომბავენ. დასავლელი ლიდერები ვარაუდობენ, რომ სულ უფრო იმედგაცრუებულმა პუტინმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ის ასიმეტრიულ ზომებს მიიღებს და მოულოდნელად მნიშვნელოვან სამიზნეებს დაარტყამს.
წლების განმავლობაში პუტინს სხვა „აკვიატება“ ჰქონდა: მოღალატეების დასჯა. უკრაინაზე თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, პუტინის პოზიციის მიხედვით, „ომის მოწინააღმდეგე ნებისმიერი რუსი მეხუთე კოლონის წარმომადგენელია...“
პუტინმა ყირიმის ხიდის დაბომბვას "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა, რომლის "ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები" უკრაინის საიდუმლო სამსახურები და უცხო ქვეყნებში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არიან.“
ერთი რამ ცხადია: ვლადიმერ პუტინი თავისი „ისტორიული მისიის“ საფრთხეს ხედავს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროს ემოციებმა შეიძლება საღი გონება დაჩრდილოს. უკრაინისთვის და რუსებისთვის, ასევე მსოფლიოსთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ომს, ეს სახიფათო მომენტია.
0
0