
რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს რეალურად არ სჭირდება რაიმე ზავი, პირიქით, ის ომის გაგრძელებას ცდილობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა.
„მოვისმინეთ პუტინის განცხადებები - მან წამოაყენა გარკვეული პირობები, რაც ნათლად აჩვენებს: მას არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. მას ომი სჭირდება - ეს ყოველთვის აშკარა იყო და ახლაც აშკარაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, „პუტინი ტყუის ბრძოლის ველზე არსებულ რეალურ ვითარებაზე, ტყუის დანაკარგებზე, ტყუის მისი ეკონომიკის რეალურ მდგომარეობაზე, რომელიც მისი უაზრო იმპერიული ამბიციების შედეგად დაზარალდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიპლომატია ჩავარდეს“.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, „პუტინი ვერ გამოვა ამ ომიდან, რადგან მაშინ მას არაფერი დარჩება“. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომაა, რომ კრემლის ლიდერი „ახლა ყველაფერს აკეთებს დიპლომატიის საბოტაჟისთვის, აყენებს უკიდურესად რთულ და მიუღებელ პირობებს თავიდანვე, ცეცხლის შეწყვეტამდეც კი“.
„პუტინი შეეცდება ყველას ჩათრევას გაუთავებელ დისკუსიებში, ისევე, როგორც ეს „მინსკთან“ დაკავშირებით გააკეთა, დახარჯავს დღეებს, კვირებს და თვეებს უაზრო მოლაპარაკებებში, სანამ მისი იარაღი ხალხის მკვლელობას განაგრძობს. ყველა პირობა, რომელსაც პუტინი აყენებს, მხოლოდ ნებისმიერი დიპლომატიის დაბლოკვის მცდელობაა. ასე მუშაობს რუსეთი. ჩვენ გაგაფრთხილეთ ამის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი აზრით, თავად პუტინი ომს არ დაასრულებს.
„მაგრამ ამერიკის ძალა საკმარისია იმისთვის, რომ მას ამის გაკეთება აიძულოს. საჭიროა ძლიერი ნაბიჯები. საჭიროა ძლიერი ზეწოლა ერთადერთ ადამიანზე, რომელსაც ამ ომის გაგრძელება სურს“, - თქვა ზელენსკიმ.
სწორედ ამას ნიშნავს „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - დასძინა მან.
0
0