
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ რამდენიმე პირობა წამოაყენა. მათ შორისაა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა.
"როიტერი" სამ ინფორმირებულ რუსულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პუტინი მოითხოვს, დასავლელმა ლიდერებმა წერილობით დააფიქსირონ უარი ნატოს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე. ეს ოფიციალურად გამორიცხავს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას.
სააგენტოს წყაროების ცნობით, პუტინის მოთხოვნები ასევე მოიცავს უკრაინისთვის ნეიტრალურ სტატუსს, ანტირუსული სანქციების მოხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხის გადაწყვეტას და უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის გარანტიებს.
სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ პუტინი მზადაა მშვიდობისთვის, „მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჟურნალისტებმა კომენტარისთვის კრემლის პრესმდივან დიმიტრი პესკოვს მიმართეს. მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ხელისუფლება არ აპირებს საჯაროდ განიხილოს შესაძლო შეთანხმებების შინაარსი.
უკრაინისა და საქართველოს ნატოში მომავალი წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს იქნა მიღებული: ყველა საჭირო სტანდარტის დაკმაყოფილების შემდეგ, ეს ქვეყნები ორგანიზაციაში გაწევრიანებას შეძლებენ.
0
0