-share.jpg)
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინდონეზიაში მომავალ კვირას დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს არ დაესწრება, რადგან, უკრაინაში ომის გამო, შესაძლებელია მოხდეს დაპირისპირება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან და დასავლელ მოკავშირეებთან. ეს ინფორმაცია ინდონეზიის მთავრობამ დღეს დილით დაადასტურა.
15 ნოემბრიდან, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და სხვა მსოფლიო ლიდერები კუნძულ ბალიზე ორდღიან სამიტს დაესწრებიან.
თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრა იქნებოდა ბაიდენსა და პუტინს შორის.
როგორც ინდონეზიის საზღვაო საქმეთა კოორდინატორმა მინისტრმა, ლუჰუტ ბინსარ პანჯაიტანმა, ინდონეზიის ქალაქ დენპასარში განაცხადა, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.„ინდონეზიის მთავრობა პატივს სცემს რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის შესახებ თავად პრეზიდენტმა პუტინმა ინდონეზიელ კოლეგას, ჯოკო ვიდოდოს, მანამდე განუმარტა ძალიან მეგობრული სატელეფონო საუბრისას“, - თქვა პანჯაიტანმა.
„ვიმედოვნებთ, რომ ორ ლიდერს შორის კარგმა კომუნიკაციამ შეიძლება შეამციროს დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის“, - განაცხადა ჯოკო ვიდოდომ.
0
0