
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Sky News-ის ჟურნალისტთან, ქეი ბერლისთან, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „არ არის დაინტერესებული“ ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე შეხვედრით და აღნიშნა, რომ ის [პუტინი] მისთვის „არავინ“ არის.
მისი თქმით, "ის ვერ ხვდება, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში; მოსკოვი მშვიდობას ითხოვს, მაგრამ უკრაინას რაკეტებით უტევს“.
კითხვაზე, - პუტინთან მისი შეხვედრა შეუწყობდა თუ არა ხელს ომის მოგვარებას, ზელენსკიმ თქვა:
”არ ვარ დაინტერესებული პუტინთან შეხვედრით და საუბრით... მე ნამდვილად ვერ ვხვდები, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში... ხალხი ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტია. არ მინდა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლა. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ომი და, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ რუსებმა ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი შეწყდება. სულ ეს არის," - თქვა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაგვიანებულია თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვა, ზელენსკიმ უპასუხა: „უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ჩემთვის [პუტინი] არავინ არის“.
„რუსული არმიის გაძლიერების შესახებ მზარდი სპეკულაციის ფონზე, შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები აკვირდებიან ვითარებას დონეცკში, აღმოსავლეთ ლუგანსკისა და ბახმუტის ოლქებში. ბოლო დღეებში უფრო ძლიერი თავდასხმები იყო; უკრაინელებისთვის გადამწყვეტია თავდაცვითი ძალა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ მტრის შეკავებას...
აღმოსავლეთში რუსები წინ მიიწევენ და ბევრ ჯარისკაცს კარგავენ, თუმცა მათ ეს არ აინტერესებთ. ვგულისხმობ, რომ ისინი არ ითვლიან თავიანთ დანაკარგებს. ეს ფაქტია. ჩვენ მათი დანაკარგების ზუსტი სტატისტიკა არ მოგვეპოვება. თუმცა, რაც უკვე ვნახეთ და დავთვალეთ, მტრის მხარეს გაცილებით მეტი მსხვერპლია, ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა; ისინი მხოლოდ გვამებს ყრიან. ფრონტისპირა ქალაქ ბახმუტში, თვეების განმავლობაში, რუსეთის მიერ დაქირავებული „ვაგნერის ჯგუფის“ სამხედროები და უკრაინელი ჯარისკაცები სასტიკ ბრძოლებში არიან ჩაბმული,“ - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის "ძალიან მადლობელია" ტანკების მიწოდებისთვის, მაგრამ დასძინა, რომ საბრძოლო მანქანების რაოდენობა და მათი მიწოდების დრო "კრიტიკულია".
0
0