15/02/2023
11:52
მსოფლიო
რუსულ ელიტაში ზოგიერთი შიშობს, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ქვეყანა სასიცოცხლო რესურსების ხანგრძლივ და უნაყოფო ხარჯვამდე მიიყვანა. უკრაინასთან ომს, რომელიც თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო, დასასრული არ უჩანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკისა და ხალხისთვის ომით გამოწვეული ზარალი დიდია, რუსი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ერთადერთი ვარიანტი უკრაინაში გამარჯვებაა.
"პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ ის შეძლებს უკრაინაში გამარჯვებას. იგი, რა თქმა უნდა, ომს არ წააგებს და გამარჯვება ჩვენი იქნება", - განუცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს.
თუმცა დასავლეთს სხვა აზრი აქვს: როგორც დასავლელი ოფიციალური პირები ამბობენ, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ომის პერიოდში რუსეთის პრეზიდენტის გადადგომის ან ქვეყნიდან გაძევების მხოლოდ მცირე შანსი არსებობს.
„პუტინი დარჩება ხელისუფლებაში ბოლომდე, თუ ის არ მოკვდება ან გადატრიალება არ მოხდება. ამის სავარაუდო ნიშნები კი ჯერ არ ჩანს. პუტინი ვერ მოიგებს ომს, მაგრამ მან იცის, რომ წაგებაც შეუძლებელია“, - თქვა დასავლელმა დიპლომატმა.
კრემლთან დაახლოებული პირები ასევე თვლიან, რომ პუტინის პრეზიდენტობიდან გადაყენება ნაკლებად სავარაუდოა. მათივე შეფასებით, ყველა გეოპოლიტიკური შოკის მიუხედავად, პუტინს ჯერ კიდევ არ ჰყავს სერიოზული კონკურენტი ხელისუფლებაში.
0
0