16/02/2023
11:56
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვედრებს გამართავს ბელორუსის ლიდერთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, ასევე ოკუპირებული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დეფაქტო პრეზიდენტებთან, ასლან ბჟანიასთან და ალან გაგლოევთან.
აფხაზეთის ლიდერი მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა. „ბჟანიას“ პრესსამსახურის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ის „რიგ შეხვედრებს გამართავს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“. ანგარიშში პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე საუბარი არ არის.
მანამდე კრემლმა პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის შესახებ განაცხადა. რუსეთის ლიდერის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს შეიძლება მოხდეს პარასკევს, 17 თებერვალს.
ტელეგრამის არხმა БОНВ[Ӕ]РНОН გუშინ იტყობინებოდა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ ლიდერი ალან გაგლოევი მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 22 თებერვალს.
რუსული ტელეგრამის არხი МИГ России წერდა, რომ „რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური ემზადება მოსკოვში ჩასასვლელად“. „დეტალები არ იქნება. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე წყარომ გამოაქვეყნა პოსტი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის დიმიტრი კუზნეცოვის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც იმედოვნებს, რომ ბელარუსთან რუსეთის „ისტორიული გაერთიანების საკითხი“ ძალიან მალე გადაწყდება.
მოგვიანებით კუზნეცოვმა ტელეგრამის არხზე დაწერა:
„მინდა ვიმედოვნებდე, რომ 21 თებერვალს ეს გადაწყდება. 25 წელია იმედი მაქვს. ხომ უნდა შესრულდეს? ასევე არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. იქნებ, საერთოდაც, სსრკ 2.0 და ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი ეშმაკურად ატრიალებენ ჭადრაკის დაფას. ვიცოცხლოთ და ვნახავთ“.
0
0