22/11/2024
09:35
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა, რომელმაც სამიზნეს წარმატებით მიაღწია.
„ამერიკული და ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების საპასუხოდ, 21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივი დარტყმა მიაყენეს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსში არსებულ ობიექტს. ჩვენ ასევე ჩავატარეთ რუსეთის ერთ-ერთი უახლესი საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის სატესტო გაშვება – ამ შემთხვევაში, არაბირთვული ბალისტიკური რაკეტის, რომელსაც „ორეშნიკი“ ჰქვია. გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა და მათ მიაღწიეს მიზანს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ნებაყოფლობით და ცალმხრივად აიღო ვალდებულება, არ განათავსოს საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტები, ვიდრე ამ ტიპის ამერიკული იარაღი მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში არ გამოჩნდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვატარებთ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემების სატესტო რეჟიმში გაშვებას რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს აგრესიული ქმედებების საპასუხოდ. საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების შემდგომი განლაგების საკითხი ჩვენ მიერ გადაწყვეტილი იქნება აშშ-ის ქმედებებზე დაყრდნობით“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი წინასწარ შესთავაზებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს შესაძლო დარტყმის ზონების დატოვებას.
„რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნის არჩევისას, ჩვენ წინასწარ შევთავაზებთ სამოქალაქო პირებს და ასევე იქ მყოფ მეგობარი სახელმწიფოების მოქალაქეებს, დატოვონ საშიში ზონები. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჰუმანიტარული მიზეზების გამო – ღიად, საჯაროდ, მტრის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შიშის გარეშე. ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია და მზად ვართ, ყველა დავა მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი, არ დაუშვათ შეცდომა: ყოველთვის იქნება პასუხი“, – განაცხადა პუტინმა.
0
0