
„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთში თავისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა. ქართველმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაში „არსენალთან“ მოახლოებული ნახევარფინალის პირველ მატჩზეც ისაუბრა, რომელიც 29 აპრილს, საღამოს 23:00 საათზე გაიმართება.
– ხვიჩა, პარიზში რამდენიმე თვის წინ ჩახვედი… როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი?
– ვფიქრობ, ეს რთულია, რადგან გუნდს სეზონის შუაში შევუერთდი, თუმცა ადაპტაცია არ გამჭირვებია. პრეზიდენტმა, მწვრთნელება და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა თბილად მიმიღეს. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მხარდაჭერა თამაშშიც მეხმარება.
– გულშემატკივრებმა უკვე მიგიღონ…
– ის ფაქტი, რომ ასე სწრაფად მიმიღეს ოჯახში და რომ თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, ნამდვილად მეხმარება მოედანზე ადგილის პოვნაში. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მაქსიმალურად ვისიამოვნო. პირველივე წამებიდან გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა: ისე გხვდებიან, რომ შეგიძლია საკუთარი თავის გჯეროდეს და გააცნობიერო შენი ღირებულება, როგორც ფეხბურთელის. თავი საუკეთესო ფეხბურთელად ვიგრძენი, რომელიც დიდ კლუბს შეუერთდა და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
– თქვენ ასევე აღმოაჩინეთ პსჟ-ს სავარჯიშო ცენტრი.
– აქ ყველაფერი უმაღლესი დონისაა. გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ. ეს ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით დაძაბული გრაფიკის შემდეგ, რადგან ყოველ სამ დღეში ვთამაშობთ. აღარაფერს ვამბობ ფსიქოთერაპიულ მომსახურებასა და სამედიცინო პერსონალზე: ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. მოთამაშემ უნდა გაამახვილოს ყურადღება ფეხბურთსა და ვარჯიშზე, კლუბი კი ყველაფერ დანარჩენზე იზრუნებს. ამ ტიპის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.
– რას ფიქრობთ პარიზზე?
– პარიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ყველაფერი იდეალურადა – დიდებულ ქალაქში ვცხოვრობ და დიდი კლუბის წევრი ვარ. ვფიქრობ, ქალაქი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახი შენთან ერთადაა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილი კომფორტული და მშვიდი იყოს. მე და ჩემი ოჯახი აქ თავს კარგად ვგრძნობთ, ძალიან ბედნიერები ვართ. დღეს ამ გუნდის წევრი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანაგუნდელს თბილი მიღებისთვის.
– შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი და ლუის ენრიკეს ურთიერთობის შესახებ?
– მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ხასიათმა, ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებამ და ფეხბურთის ისტორიის ცოდნამ. ის მოედანზეც და მის გარეთაც გაგრძნობინებს, რომ კლუბისა და ყველა გულშემატკივრისთვის ყველაფერი უნდა გაიღო. პატივისცემით გექცევა… ძალიან მიხარია, რომ ასეთ კლუბში მასთან ერთად ვარ.
– საფრანგეთის ჩემპიონის რანგში თავს როგორ გრძნობთ?
– ძალიან მიხარია, რომ ტიტული მოვიგეთ. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. კიდევ ორი ტიტულისთვის ვიბრძვით.
– სამშაბათს ლონდონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებთ. თქვენთვის ეს შეჯიბრება რას ნიშნავს?
– ყველაზე დიდი საკლუბო ტურნირია და მასში მონაწილეობა ყველა მოთამაშის ოცნებაა. მოგებაც ყველას სურს, მაგრამ ეს წარმოუდგენლად რთულია. ასევე რთულია ნახევარფინალში მოხვედრა. ტურნირის სახელი ყველაფერს ამბობს – ჩემპიონთა ლიგა. ეს არის ჩემპიონთა ტურნირი. ამიტომ ყველა თამაშსა და მომენტზე სრულად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.
0
0