04/10/2023
13:47
სხვადასხვა
პროპაგანდა არავის აღარასდროს არ გაგივათ, რომ ქართულ კანონს დაარქვათ რუსული და ქართულ პარლამენტს დაარქვათ რუსული პარლამენტი, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ და თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომადგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს.
„ჩვენ აქაც არაერთხელ მოვისმინეთ ტერმინი რუსული კანონი, მინდა, ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად განვაცხადო ერთი რამ, საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის არჩეული წარმომადგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. ჩვენ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ მარტში, ეს იყო ტიპური „კაგებეს“ წიგნებიდან ამოკითხული ტაქტიკები პროპაგანდისა, რომ თეთრს დაერქვას შავი, ქართულს დაექრვას რუსული და პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით მომხდარიყო დისკრედიტაცია სადისკუსიო თემისა, რომელზეც შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა. ამისი იარლიყის მიკვრით და ბრენდირებით არადემოკრატიულად, ზუსტადაც რუსული სტილით „კაგებეს“ წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა, ჩირქი მოსცხეს საქართველოს პარლამენტს.
ამ საინფორმაციო შტურმში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი აქტორები და ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე. შესაბამისად, თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ ნებისმიერი განცხადება იმაზე, თითქოს საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები, ამის უფლებას ამ დარბაზში არავის მოგცემთ. ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, არ მოგცემთ. ეს პროპაგანდა არავის აღარასდროს არ გაგივათ, რომ ქართულ კანონს დაარქვათ რუსული და ქართულ პარლამენტს დაარქვათ რუსული პარლამენტი, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ და თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0