
ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანის საქმის პროკურორის, გიორგი დოლაკიძის განცხადებით, გიორგობიანის მხრიდან ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება.
პროკურორის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნულს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში, გიორგობიანი მაღაზიის კონსულტანტებს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მიმართავს, სადაც მათი მისამართით გარკვეული ფრაზები ისმის.
„ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს, ხდება მტკიცებულებების მოპოვება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. შესაძლოა, მას ბრალდება დაუმძიმდეს",- განაცხადა დოლაკიძემ.
ის ასევე განმარტავს, თუ რა გახდა მაღაზიაში მომხდარის მიზეზი.
„საზოგადოებამ კადრები ნახა, მოტივი გახდა ის ფაქტი, რომ მანანა გიორგობიანს მაღაზიის ორმა კონსულტანტმა თანხის დახურდავებაზე უარი უთხრა, მხოლოდ ეს გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მან დააორგანიზა ამ პირების მიმართ ძალადობის მოწყობა",- განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, დანიშნული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შესაძლოა თუ არა, გიორგობიანს რაიმე შეღავათი გაეწიოს, დოლაკიძე პასუხობს, რომ "ამ ეტაპზე, რამე შეღავათის გამოყენება არ იგეგმება".
„საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, როცა საგამოძიებო მოქმედებები სრულად ჩატარდება, ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. გამოსაკითხი არიან სხვა პირები, ჩასატარებელია ექსპერტიზები, როცა საბოლოო სურათი შეგვექმნება, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
გიორგობიანს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია, მას ჩვენებაც არ მიუცია. მის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რასაც შესაბამისი დრო სჭირდება. დასკვნის მიღების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღესვე, გაიმართება ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირის მათ შორის, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესიც.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.
0
0