
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ექსპერტს მოუსმინეს. ასევე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბრალდების მხარემ.
ამასთან, დღეს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მზადაა, ამაღლობელს საპროცესო გარიგება შესთავაზოს. აღნიშნულს დაცვის მხარისა და მზია ამაღლობელის კოლეგების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ეს შეთავაზება არის ფაქტობრივად ზეწოლის ტოლფასი, რადგან პროკურატურა დაკავების დღიდან მზადაა ამისთვის და არაერთხელ შესთავაზეს მზია ამაღლობელს ბრალის აღიარება, რასაც იგი არასდროს გააკეთებს.
„მზია ამაღლობელის პოზიცია ყველასათვის ცნობილია. ის არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება, სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება“, – განაცხადა ადვოკატმა, მზია მწარიაშვილმა.
ამასთან, ხმაური იყო პროცესის შემდეგ სასამართლოში. მცირე შეკამათება იყო პოლიციასა და სასამართლო დარბაზიდან გამოსულებს შორის მაშინ, როცა შენობიდან მზია ამაღლობელი ავტომანქანით გაყავდათ. სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა განცხადებით, დღეს პოლიცია განსაკუთრებით იყო მობილიზებული და ცდილობდა, მზია ამაღლოველთან გამომშვიდობების საშუალება მათთვის არ მიეცა.
სასამართლო განხილვა პირველ აგვისტოს, 13:00 საათზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.
უცნობია, მოსანართლე გამოაცხადებს თუ არა განაჩენს იმავე დღეს.
0
0