
პრემიერის მიერ მოვლენების დასრულების შემდგომ გაკეთებული პოლიტიკური შეფასება ვერ გახდება საფუძველი მისი სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის, - განაცხადა 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - დაინტერესდება თუ არა გამოძიება პრემიერის ჩვენებით, რადგან მან განაცხადა, რომ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია.
მან ისაუბრა საქმის ირგვლივ და აღნიშნა, რომ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.
„სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი გახლავთ მტკიცებულება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. კონკრეტულად ღობესთან დაკავშირებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ღობეს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედებით მიყენებული დაზიანება და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ღობეს არ აღენიშნება ჭრის კვალი. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტი ბრალდების მხარეს შეყვანილი ჰყავს დასაკითხ პირთა სიაში და სასამართლოს წინაშე მათ შორის დაცვის მხარესაც ექნება საშუალება, დაუსვას შეკითხვები კვლევასთან დაკავშირებით.
მთელს სისხლის სამართლის საქმეზე 38 ტომზე მეტი გახლავთ წარმოდგენილი მტკიცებულებები. რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოჩანაწერებს, მათში არაერთი რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან დაფიქსირებული, ნათლად აღბეჭდილი, ბრალდებულთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ჩანს“, - განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.
თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 5 ოქტომბრის ღამეს პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
0
0