16/01/2025
16:04
პოლიტიკა
არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კვლავ პოლიტიკური დისკუსიის მთავარი თემაა.
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არათუ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნითაც კი, არავის არ აინტერესებს, რას ამბობს ახლა პროკურატურა.
"პროკურატურას არავინ ეკითხება, ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება თუ არა. ეს პოლიტიკური საკითხია. არათუ ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნითაც კი, არავის არ აინტერესებს, რას ლაპარაკობს ახლა პროკურატურა - "არაფერი გაყალბებულა... ექსპერიმენტი ჩავატარეთ... ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ ვიღაც და იმან გვითხრა, რომ არ ყალბდება"... ჩვენ თან დაგვაქვს მტკიცებულებები, რომელიც სამსაათიან პრესკონფერენციაზე წარვადგინეთ. სადაც კი მაგას ვიღებთ და ვიწყებთ არჩევნებზე ლაპარაკს, გვერდზე გვადებინებენ და გვეუბნებიან, რომ დამთავრდა, არავის აღარ აინტერესებს, მაგასთან დაკავშირებით კითხვები აღარ გვაქვს, არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარებულა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ვითარებაში არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ პროკურატურა გამოძიების შედეგებს დადებდა.
"ამ პროკურატურის პირობებში, არჩევნების გამოძიება აქტუალური არ არის. არანაირი მოლოდინი, რომ ეს პროკურატურა გამოძიების შედეგებს დადებს, არც დასაწყისში არ გვქონია. შესაბამისად, ამ შუალედური დასკვნის ჩალუღლუღება თუ რაღაც დასკვნის გამოქვეყნება არაფერს არ ცვლის. ყველამ, საერთაშორისო დონეზეც და ქვეყნის შიდა ლეგიტიმაციის საკითხში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რამხელა პრობლემები უდგას ხელისუფლებას", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
0
0