04/02/2022
12:04
სამართალი
მათივე ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს, ქ. რუსთავში, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა ვ.ბ. და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ პოლიტიკას აპროტესტებდა. ასევე აპროტესტებდა დ.კ.-ს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„აღნიშნული პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დ.კ.-ც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ – ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა.
დ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.
ვ.ბ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ და ჯგუფურად) დაიწყო, ხოლო ო.ყ.-ს და შ.მ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) დაიწყო.
მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება პარლამენტის წევრ დ.კ.-ს, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
0
0