
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ცნობისთვის, ნიკა მელია სამართალდამცველებმა 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 30 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ამავე სხდომაზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა.
0
0