
სოფელ კოდაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, პროკურატურამ გამოძიება მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
კერძოდ, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოს ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით და სავარაუდოდ, ბეტონის საფარის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
„სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, იკითხებიან მოწმეები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0