
ანტინარკოტიკული რეფორმა დღეს უნდა დამტკიცდეს. საკანონმდებლო ორგანო პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით კენჭს უყრის ამ მიმართულებით რვა სხვადასხვა კანონში ცვლილებებს.
რეფორმის მიხედვით, განსაკუთრებით მკაცრდება კანონი ნარკოტიკის ე.წ. გამსაღებლებთან მიმართებით.
პასუხისმგებლობა იზრდება ასევე მომხმარებლებისთვის - ეს ეხება მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებსაც.
მმართველი გუნდი თვლის, რომ ანტინარკოტიკული რეფორმა დადებით შედეგს მოიტანს. განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია.
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, რეალურად პრობლემა იგივე რჩება და მისი მოგვარების კუთხით არაფერი იცვლება.
"არაფერი არ იცვლება. პრობლემა ისევ რჩება, როგორიც არის. თუ არ ჩავთვლით პატარა პერიოდს, სადაც მოხდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ყველა შემთხვევაში უარესდებოდა სიტუაცია.
სანამ ამომრჩეველი ვერ მიხვდება, რომ პრობლემა ის კი არ არის, რომელიმე ნივთიერება აქეთ-იქით გადაადგილდება, არამედ იმაშია, თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკა - ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადავარჩინოთ. ჯანმრთელობაზე უნდა იყოს მიმართული და არა აკრძალვაზე, მანამდე არაფერი არ ეშველება", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0