30/04/2023
21:00
პოლიტიკა
ქალბატონო პრეზიდენტო, ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ თქვენ აღარ ხართ იმ ხალხის ინტერესების გამომხატველი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თქვენს მხარდასაჭერად ორჯერ გავიდა არჩევნებზე?! - ამის შესახებ, მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რესპუბლიკის მოედანზე, გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გაიგებდით, "არ ცოდნა, არ ცოდვაა" - ოდესღაც ალბათ ეს ასეც იყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც პლანეტაზე დრამატული პროცესებია, რომლის გეოპოლიტიკურმა ტექტონიკამ შეიძლება მოსპოს ეროვნული სახელმწიფოები და ერებიც კი, შენ არ გაქვს უფლება, შენი უცოდინარობით, აგრესიული ქმედებებით საკუთარი ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენო!
ერთია, როდესაც შეცდომას, რომელიც ხშირად დანაშაულზე მეტია, ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანი უშვებს, მაგრამ გაცილებით მძიმეა, როცა ახალგაზრდების გულწრფელობას და მათ სასიცოცხლო ენერგიას პოლიტიკანები და უცხოეთიდან დანიშნულ-დაფინანსებული ცრუ „სამოქალაქო აქტივისტები“ იყენებენ. ამაზრზენია, როდესაც თითქოს განათლებული ადამიანი, სატელევიზიო ეთერში ომის პროპაგანდას ეწევა და გვარწმუნებს, რომ ზოგჯერ, მშვიდობაზე მეტად, მას ომი უნდა სწყუროდეს! და ასეთ შემთხვევაში ვიღებთ მძიმე სურათს, როდესაც ენერგია, რომელიც ქვეყნის და საკუთარი თავის განვითარებისთვის და ბედნიერებისთვის არის ბოძებული, იხარჯება ქვეყნის დაქცევისა და თვითგანადგურებისთვის!
თუ რამე მისახედია ჩვენს ქვეყანაში ეს განათლების სისტემაა! უცხოეთიდან ნაკარნახებმა რეფორმებმა არ გაამართლა და საქართველოში განათლების დონე უმოწყალოდ ეცემა. ჩვენი შვილების უმრავლესობა სკოლებში ვეღარ იღებს კლასიკურ განათლებას, სისტემა ზედაპირული ცოდნის და უნარების ათვისებაზეა მომართული. უმაღლესი კლასის სპეციალისტების გამოშვება იშვიათი მოვლენაა. ეს ქვეყანას ძვირი უჯდება და მომავალში უფრო ძვირი დაუჯდება. უნივერსიტეტებში ნეოლიბერალური იდეოლოგიით ინდოქტრინაცია მიუღებელია. ეს უნდა შეიცვალოს! საქართველოში დემოგრაფიული კრიზისია. აუცილებლად მიგვაჩნია, დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად ქმედითი ზომები გატარდეს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ლეგიტიმაცია უკვე აღარ აქვს. მათ შორისაა პრეზიდენტიც.
ქალბატონო პრეზიდენტო, ნუთუ ვერ ხვდებით იმას, რომ თქვენ აღარ ხართ იმ ხალხის ინტერესების გამომხატველი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, თქვენს მხარდასაჭერად ორჯერ გავიდა არჩევნებზე?! ჩვენ აგირჩიეთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობის გარანტი ყოფილიყავით. კრიტიკულ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთი დაასხით და სიმშვიდის ნაცვლად საზოგადოებაში შფოთი შემოიტანეთ. თქვენ საკუთარ ამომრჩეველს უღალატეთ და არადექვატური, ქვეყნისთვის დამანგრეველი, დესტრუქციისთვის ხელოვნურად შექმნილი ძალის მხარეს დადექით! და ამიტომაც უნდობლობას გიცხადებთ! ჩვენგან ლეგიტიმაცია აღარ გაქვთ! აქედან გამომდინარე, ლეგიტიმაციის არმქონე პოლიტიკოსებს, ცრუ არასამთავრობო სექტორს და გაყიდულ მედიას მომავალს ვერ ვანდობთ! აღარ გენდობით!!!გადაწყვეტილებას ქვეყნის მომავლზე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი უნდა იღებდეს! - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0