
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუ გაბრაზდა, შეიძლება, ძლიერი მოძრაობა ისეთი გააკეთოს, რომ დაამსხვრიოს ნახევარი ქვეყანა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
„ვსაუბრობ ადამიანზე, მიშამ სრულიად უტაქტოდ რომ მოხსნა თანამდებობიდან, შედეგად, სალომემ აქციაზე ხალხს უთხრა, ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო. მაშინ ხომ გახსოვთ, ძალიან დენთის კასრივით იყო მთელი საზოგადოება. მოკლედ, თუ გაბრაზდა, სახიფათო ქალია. სალომეზე აქცენტს ნაკლებად გავაკეთებ, ბევრი მიზეზის გამო და ვიტყვი შემდეგს – ყველა საზოგადოება სუბკულტურებს ქმნის ხოლმე, დაწყებული კრიმინალების სუბკულტურიდან, დამთავრებული უამრავი პროფილის სუბკულტურით.
სააკაშვილმა მოახერხა და მიშისტური სუბკულტურა შექმნა საქართველოში. ისე, რომ შეიძლება, მიშას არც აღიარებდეს ვიღაც და ვერც იტანდეს, მაგრამ იმ სუბკულტურის წევრი იყოს. სალომე ვერ იტანს მიშას, ახლა რაც გავიხსენე, ეს ისტორიაც კმარა, მაგრამ მიშისტური აქვს დამოკიდებულება სიტყვის, ადგილის და ეროვნული დღესასწაულის მიმართაც კი. მათ შორის, ევროპის მიმართ დამოკიდებულებაც, რომ, არიქა, ევროპაზე არ უნდა ვილაპარაკოთ ოდნავ მაინც გადაბრუნებულად. ამ დროს ევროპის ცენტრიდან წამოსული ფორმულაა – ინგლისს არ ჰყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, მას აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამით მაინც ეცი პატივი ევროპას, რომ გაიზიარო მისი ღირებულებები, მაგრამ ესეც მიშისტური სუბკულტურის ერთ-ერთი ნიშანია. მათ არ აინტერესებთ რეალობა, რეალური ევროპული კულტურა, რეალური ჰუმანიზმი და დემოკრატია. მათ ეს ევროპული, დემოკრატიული და ა.შ. სიტყვები სჭირდებათ, როგორც საშუალება, რომ მიაღწიონ რაღაც მიზანს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, 26 მაისის დღესასწაულზე ოპოზიციის მსვლელობა ანტისახელმწიფოებრივი იყო და სალომე ზურაბიშვილიც სააკაშვილის მიერ შექმნილი ამ პოლიტიკური კულტურის ნაწილი გახდა.
„26 მაისს რომ საპროტესტო აქციით მოდიან, არიქა, რუსეთისკენ მიდის სახელმწიფო და ჩვენ გვინდა, წავიყვანოთ ევროპისკენო, ეს ანტისახელმწიფოებრივი არ არის? სააკაშვილის მიერ შექმნილ ამ პოლიტიკურ კულტურაში ასეთი რამეები მოსულა და ამ კულტურის რაღაც ერთი ნაწილი, ერთ-ერთი წევრი გახდა სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტის გამოსვლა დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვაში იყო მინიშნება – ნუ ღალატობთ ევროპისკენ კურსს, პრეზიდენტის სიმაღლიდან ამის თქმა კი ქვეყნისთვის ძალიან წაგებიანია.
ამასთან, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა და მთავრობამ საერთო ენა უნდა გამონახონ.
მისივე თქმით, გარეგნული მხარით მუშაობა არის მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სუბკულტურის ტიპური ნიშანი და ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით ხმაურიც ამის ნაწილია.
0
0