
მასპინძელი ქვეყნის მხრიდან პროტოკოლის წესის დაცვით მიღება, დახვედრა, დროშების ფონზე ფოტოგადაღება, ვერ გამოდგება დასტურად, რომ სახეზე იყო პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
ჩუგოშვილის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი უცვლელია, მიუხედავად იმისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კონსტიტუციის 49-ე, თუ 52-ე მუხლის ფარგლებში. თამარ ჩუგოშვილის თქმით, პროტოკოლის წესის დაცვა არის პატივისცემის გამოხატულება მის, როგორც საქართველოს სახელმწიფო მეთაურის და საქართველოს მიმართ.
თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში ასრულებდა იმ როლს, რომელსაც კომბინაციაში მას განუსაზღვრავს კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლები.
"საქართველოს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, ამ ორი მუხლიდან რომლის ფარგლებში წარმოადგენს ქვეყანას, რა თქმა უნდა, სათანადო პატივისცემით უნდა დახვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის იქ არ იყო არც მოლაპარაკების წარმოებისთვის, არც ახალი ვალდებულებების აღებისთვის, არამედ იყო ზუსტად იმ როლის შესასრულებლად, რომელსაც კომბინაციაში მას განუსაზღვრავს კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს.
0
0