
„უკრაინაში მიმდინარე ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან უფრო მოწინავე იარაღს ელოდება,“ - აღნიშნა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა BBC-სთან ინტერვიუში.
ბუდანოვის თქმით, რუსეთი "ახლა სრულიად ჩიხშია შესული" და ძალიან მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. მისი აზრით, კრემლმა წვევამდელების მორიგი მობილიზაციის გამოცხადება გადაწყვიტა; თუმცა უკრაინულ ძალებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ შესაბამისი რესურსები შეტევისთვის.
"ჩვენ ვერ დავამარცხებთ მათ [რუსებს] ყველა მიმართულებით და ვერც ისინი დაგვამარცხებენ ჩვენ. მოუთმენლად ველოდებით მოკავშირეებისგან ახალი, უფრო მოწინავე იარაღის მოწოდებას", - თქვა ბუდანოვმა.
დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის სამხედრო წარუმატებლობის სერიის შემდეგ, უკრაინელი ოფიციალური პირები მოსკოვის სამხედრო ძალების მხრიდან მორიგი სახმელეთო შეტევის შესაძლებლობას (ბელორუსიიდან, 2023 წლის დასაწყისში) პროგნოზირებდნენ. მათი თქმით, თავდასხმის სამიზნე, უკვე მეორედ, შეიძლება დედაქალაქი კიევი ყოფილიყო.
ბუდანოვმა არ დაადასტურა ათასობით რუსი ჯარისკაცის გადაადგილება ბელარუსში, რადგან რუსეთი ახლა ცდილობს უკრაინას სამხედრო ძალისხმევა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთისკენ გადაატანინოს.
„ცოტა ხნის წინ, რუსი ჯარისკაცებით დატვირთული მატარებელი ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს გაჩერდა და რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა ისე რომ, ყველა მგზავრი ბორტზე იმყოფებოდა. ეს მოხდა ყველას დასანახავად, დღის განმავლობაში. ამჟამად, ბელარუსის ჯარების მხრიდან რეალურ, გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავ - კიევში ან უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებში შემოჭრისთვის.
ბელარუსი რუსულმა ძალებმა გამოიყენეს, როგორც სავარაუდო ადგილი თავდასხმების განსახორციელებლად, თუმცა ბელარუსის საზოგადოება არ დაუჭერს მხარს ომში შემდგომ ჩართვას და ანალიტიკოსებიც ეჭვქვეშ აყენებენ მისი 48000-იანი არმიის მზადყოფნის დონეს. ამიტომ პრეზიდენტი ლუკაშენკო დგამს ყველა ნაბიჯს, რათა თავის ქვეყანას კატასტროფა თავიდან ააცილოს,“ - დასძინა ბუდანოვმა.
ინტერვიუ ბუდანოვის ოფისში, კიევში, რამდენიმე დღის შემდეგ ჩაიწერა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამი წლის განმავლობაში პირველად გაემგზავრა. მისმა ვიზიტმა გააჩინა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა გადააწყვეტინოს პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დიდი ხნის მოკავშირეს, უკრაინაში ბელარუსის ჯარების გაგზავნა.
0
0