
პრეზიდენტი გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ - სალომე ზურაბიშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს და კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობის დადგენას მოითხოვს.
პრეზიდენტი ასევე მოითხოვს განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება შეჩერდეს.
ზურაბიშვილის სარჩელის პარალელურად, საკონსტიტუციოში მომავალ კვირაში სამოქალაქო საზოგადოების სარჩელიც შევა, რომელსაც ხელს 150 ორგანიზაცია აწერს და რომელიც ასევე 78-ე მუხლის დარღვევაზეა აგებული.
შეგახსენებთ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს პარლამენტის თავმჯდომარემ 3 ივნისს ხელი მოაწერა, შესაბამისად, კანონი ძალაში შევიდა.
სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის საპარლამენტო უმრავლესობისთვის. "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაფერი აქვს საერთო ქართულ სახელმწიფოსთან, საერთო ქართულ ტრადიციებთან, მართლმადიდებლობასთან, ქართველი ხალხის ინტერესებთან და ბუნებრივია, ის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს გაასაჩივრებდა.
0
0