29/05/2023
21:31
პოლიტიკა
პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებების უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაშიც მთავრობას მონაწილეობის მიღება არ სურს.
რაც შეეხება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებას, მამუკა მდინარაძის თქმით, თუ პროტოკოლზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციის უფროსი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ უნდა პასუხობდეს.
„დიასპორის დღეზე საქართველოს პრეზიდენტმა პროტოკოლზე ბევრი ისაუბრა. თუ პროტოკოლზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციის უფროსი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას არ უნდა პასუხობდეს. ჩვენ პრეზიდენტთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. შეიძლება ვიღაცების მიზანი იყოს ის, რომ ჩვენ პრეზიდენტთან აქტიური დაპირისპირება გვქონდეს. სიტყვა „ვიღაცებს“ შემთხვევით არ ვამბობ, არც პრეზიდენტზე ვსაუბრობ. პრეზიდენტი დაპირისპირების საფუძველს გვაძლევს, თავის გამოსვლაში მსგავსი საკითხები უხვად დაარიგა, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ამის უკან გარკვეული გეგმები იკითხება, რომელთა აღსრულებაში ჩვენ მონაწილეობის მიღება არ გვსურს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა სურთ - ერთია, ხოლო ქმედებით მეორეს ვუყურებთ.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტი ვერ გაიცნო, მისი ხასიათი ვერ გაიგო, რომ მასზე ზემოქმედება არ მუშაობს.
იქამდე "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები „უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით ხასიათდება, რაც ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას უხეშად ეწინააღმდეგება“.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მათი პასუხისმგებლობაა, ხელი არ შეუწყონ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამასთან განმარტავენ, რომ ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, არავის მისცენ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება.
0
0