-share.jpg)
საქმე რადგან სამართლებრივ საკითხებთან გვაქვს, წესით, სასამართლოს დარწმუნება უფრო უკეთ ამ საქმის პროფესიონალმა უნდა შეძლოს და პრეზიდენტმა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი იქნებ, ჯობდეს კიდეც, არ გამოიყენოს, რათა ვინმემ ეს სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად არ მიიჩნიოს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ხმალაძე განმარტავს, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 15 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ.
„პრეზიდენტი მივა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში, იმ ვითარებას არ ცვლის, რომ მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ის ან თავად მივა, ან თავის წარმომადგენელს გაგზავნის, რომელიც პრეზიდენტის სახელით ისაუბრებს. თუ თავად მივიდა, ორივეს შეეძლება სასამართლო პროცესზე გამოსვლა. ნამდვილად არ ვიცი, ხვალ რა მოხდება, მივა თუ არა, ქალბატონი სალომე, საკონსტიტუციო სასამართლო წარდგინებას განიხილავს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია და არა დანაშაულის ჩადენას.
თუ სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევიაო, აი, იმ წუთას დამთავრდება, როგორც კი ამას იტყვის, იმპიჩმენტის პროცესი შეწყდება, მაგრამ თუ თქვა, პრეზიდენტის ამ მოქმედებით დაირღვა კონსტიტუციაო, მაშინ იმპიჩმენტის პროცესი გაგრძელდება პარლამენტში და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან 2 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს. ხვალ, შეიძლება, ზეგაც გაგრძელდეს საკითხის სასამართლოში განხილვა, მერე გავლენ ე.წ. სათათბირო ოთახში, რამდენ ხანს მოანდომებენ გადაწყვეტილების მიღებას, არ ვიცი. 15 ოქტომბრამდე, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღონ, მაგრამ შესაძლოა, გადაწყვეტილება ერთ დღეშიც მიიღონ“, - განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, ავალდებულებს თუ არა კანონი პრეზიდენტ ზურაბიშვილს სხდომაზე დასწრებას, ხმალაძე ასე პასუხობს: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი“ ამბობს, რომ სასამართლოს, ან მის ცალკეულ წევრს აქვს უფლება მოითხოვოს საკითხის განხილვისთვის, გადაწყვეტისთვის ამა თუ იმ პირის მოწვევა სასამართლოში”.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სახელმწიფო თუ თვითმმართველობის ორგანოსთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა, პრეზიდენტს ვალდებულება აქვს მივიდეს, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი, პრეზიდენტი არ მივიდა. ჩვეულებრივ, როცა საქმე პრეზიდენტს არ ეხება, თუ სასამართლომ მოითხოვა ნებისმიერი პირის, მოპასუხის, მოწმის, ექსპერტის მისვლა და თუ ის არ მივიდა, სასამართლო იძულებითი მიყვანის მექანიზმს იყენებს, სასამართლოს ამის უფლება აქვს. აქვს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიმართ ამის უფლება? არ აქვს ამის უფლება და რატომ - კონსტიტუციაში წერია, საქართველოს პრეზიდენტი ხელშეუვალია და წერტილი.
ხელშეუვალობა ნიშნავს იმას, რომ ვერანაირად აიძულებთ, სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს, რომლითაც შეიძლება პრეზიდენტი აიძულოთ, იძულებით გააკეთებინოთ რამე, ამას კონსტიტუცია კრძალავს. ვინმე იკითხავს, აბა, ვალდებულება რომ წერია კანონშიო? კი ბატონო, მაგრამ ასევე ვალდებულება წერია კანონში, მაგალითად - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, არ გასაჩივრდება და ყველა ვალდებულია, შეასრულოსო. არაერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ დაავალდებულა პარლამენტი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში რაღაც კანონი მიეღო, ან კანონში შეეტანა ცვლილება. იყო შემთხვევები, როცა პარლამენტს ეს დავალებები არ შეუსრულებია“, - განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, თუ რას ურჩევს ის პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მივიდეს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში, ხმალაძე ასე პასუხობს: „ვერ გეტყვით, გამიჭირდება“.
„მე რომ ვიყო ზურაბიშვილის ადგილზე, ალბათ, მივიდოდი, მაგრამ შეიძლება არის რაღაც ფაქტორები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაშიც და რომელიც მე არ ვიცი, მეც მიზანშეუწონლად მიმეჩნია მისვლა... რადგან საქმე ძირითადად სამართლებრივ საკითხებთან გვაქვს, წესით, სასამართლოს დარწმუნება უფრო უკეთ ამ საქმის პროფესიონალმა უნდა შეძლოს და პრეზიდენტმა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი იქნებ ჯობდეს კიდეც, არ გამოიყენოს რათა ვინმემ ეს სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად არ მიიჩნიოს“, - განაცხადა ხმალაძემ.
ის დარწმუნებული არაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაინახავს.
0
0