პრეზიდენტი ინიციატივით, ფაქტობრივად, ამბობს, მე დავნიშნავ მთავრობას, თქვენ, პარლამენტარები კი, უბრალოდ, მწვანეს დააჭერთ. ასეთი პარლამენტარიზმი არ მესმის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ანუ, მომავალმა პარლამენტარმა თავის თავს უფლება უნდა წაართვას, აირჩიოს მთავრობა. ან საერთოდ, ვინ აგებს პასუხს ამ მთავრობაზე? ეს პრეზიდენტი მერე წავა, რადგან ვადა უმთავრდება და დაგვრჩება მთავრობა, რომელზეც არავინ არ არის პასუხისმგებელი? ასე ხომ სრული აბსურდული ვითარება შეიძლება შეიქმნას? ეს ინიციატივა თავისთავად არაკონსტიტუციურია, მაგრამ დავუშვათ, კარგი იდეა რომ იყოს, იტყვი, კონსტიტუციაში შევცვალოთო. იქ რამდენიმე პუნქტი ისედაც ითხოვს შეცვლას, მაგრამ, სულ მცირე, იდეა მაინც ხომ უნდა იყოს კარგი? საერთოდ არ მივიჩნევ, რომ პოლიტიკოსები რაღაც ცუდი ხალხია, ისეთი ცუდი, რომ მთავრობა არ უნდა ვანდოთ, პარლამენტში მარტო იმიტომ უნდა შევიყვანოთ, რომ ღილაკებს დააჭირონ და რაც მთავარია, შემდეგ უნდა გავუშვათ, ერთ წელიწადში. ეს არ მესმის. მაშინ, უბრალოდ, პრეზიდენტმა მართოს ქვეყანა, თუ პარლამენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილის თქმით, ქარტია იმ ფორმით, როგორიც ახლაა, არის რაღაც ტიპის დოკუმენტი იმ პარტიებისთვის, რომლებსაც უნდათ, საერთო სია გააკეთონ.
„თუ ერთი პარტიაა, რაღაც ასეთი ზოგადი დოკუმენტი შეიძლება გამოგადგეთ, თქვათ, აი, გვაქვს გეგმა, პრეზიდენტიც დაგვეთანხმაო და ამომრჩეველს შეიძლება უთხრათ, როგორც საარჩევნო გეგმა, მაგრამ ამ რეალობაში როგორ?“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.
დეპუტატი ამბობს, რომ თუ რაღაც საღი აზრი არსებობს, არ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ სამი, ოთხი, შვიდი პარტია არსებობდეს, რომლებიც, უბრალოდ, „ნაცმოძრაობის ხმებზე პარაზიტირებენ, არცერთ ხმას არ წაართმევენ „ქართულ ოცნებას“.
წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ქარტია განვიხილოთ ამ ტიპის ერთობის წინა პერიოდად, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ასეა.
მანასევე აღნიშნა, რომ მიტინგები არ შეიძლება იყოს აპოლიტიკური, მიტინგზე სცენაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი, პოლიტიკოსები უნდა დადიოდნენ პარლამენტში იმის ცოდნით, რომ ის ხალხი მათ უჭერს მხარს, მაგრამ ეს რომ გააკეთო, შენ უნდა იცოდე, რითი გამოდიხარ ხალხთან, რას ელაპარაკები ადამიანებს და რას სთავაზობ.
0
0