13/03/2023
16:03
პოლიტიკა
„საზოგადოებისთვის პრემიერის გუშინდელი ინტერვიუ საჭირო და მნიშვნელოვანი იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფაქტებით დაასაბუთა საქართველოს მთავრობის დასავლური კურსისადმი ერთგულება. „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფომ ევროპასთან დაახლოებისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ ახსოვს, ან შეგნებულად აქვთ დავიწყებული“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქვეყნის არევის, ქვეყნის წარსულში დაბრუნების ყველა მცდელობა მარცხისთვის არის განწირული, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები მყარი და ძლიერია:
„სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროპას დაშორდა, სწორედ 2012 წლამდე არსებული პოლიტიკის დამსახურებით გაწყდა ის ძაფები, რომელიც ევროპასთან გვაკავშირებდა, რადგან ევროპა შორს დგას მმართველობის ისეთი მკაცრი და დიქტატორული ფორმებისგან, რომლითაც ჩვენი ქვეყანა იმართებოდა.
დღეს სახელმწიფო საკუთარი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. მესმის გარკვეული ძალების იმედგაცრუების, რომელთა თვითმიზანს საქართველოს ომში ჩართვა წარმოადგენს, მაგრამ საქართველოს მთავარი ინტერესი მშვიდობაა და არა ომი. სამწუხაროდ ოპოზიციის მთავარ მიზანს დესტრუქცია და არეულობა წარმოადგენს, მათთვის ხელისუფლებაში დაბრუნების გზა რევოლუციაზე გადის, რადგან იციან, რომ ამომრჩეველთა მხარდაჭერა არ აქვთ, სწორედ აღნიშნულს ემსახურებოდა 7-8 მარტს გამართული აქციები, რადგან ყველზე კარგად ოპოზიციამ იცის, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. საკუთარი ბინძური გეგმების განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართვა არავის გამოუვა.განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ოპოზიციამ საზოგადოებისთვის სიტყვა რუსული კანონის თავს მოხვევა სცადა, რაც გარკვეულწილად გამოუვიდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტს რუსულთან საერთო არაფერი აქვს, ახლა ცდილობენ საზოგადოებას პრემიერის გუშინდელი ინტერვიუს ყალბი ვერსია შეასაღონ, რაც კრახით დასრულდება. პრემიერის ხელმძღვანელობით საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა სურს თუ არა ეს ოპოზიციას! ქვეყნის არევის, ქვეყნის წარსულში დაბრუნების ყველა მცდელობა მარცხისთვის არის განწირული, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტები მყარი და ძლიერია“, - წერს ჩიხელიძე.
0
0