
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში საუბარია ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ევროინტეგრაციის დღის წესრიგში არსებული ვალდებულებების განხორციელება.
მთავრობის ცნობით, 2025 წლის 12 აგვისტოს გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც, მოწონებული იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2025 წლის სამოქმედო გეგმა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში.
„ამასთან, მომზადდა 2025 წლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიშის პროექტი, ასევე შემუშავდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი. გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშების კონტექსტში, მომზადდა და ევროკომისიას მიეწოდა საქართველოს კონტრიბუცია. ევროკომისიის ოფიციალური მომართვის საფუძველზე, მომზადდა და ევროკომისიას 2025 წლის 31 აგვისტოს მიეწოდა განახლებული ინფორმაცია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის 2024 წლის ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების შესახებ. ხოლო, 2026 წლის იანვარში, მომზადდა და ევროკომისიას, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მიეწოდა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის 2025 წლის ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით მოცემულ შეფასებებზე ქართული მხარის კომენტარების ამსახველი დოკუმენტი“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დოლუმენტში ნათქვამია, რონ საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობას.
„გასულ წელს, საქართველომ ევროკავშირის განცხადებებსა და შემზღუდავ ზომებზე მიერთების 135 შემოთავაზება მიიღო, საიდანაც 68 მათგანს შეუერთდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წელს ევროკავშირის პოზიციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა 50% შეადგინა. 2026 წლის აპრილის მდგომარეობით კი, აღნიშნული მაჩვენებელი 27%-ია. ამ მიმართულებით, 2025 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სულ შემოვიდა ევროკავშირის განცხადებებზე მიერთების 750 შემოთავაზება, საიდანაც 449 მათგანს (60%) მივუერთდით. დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 81%-ს შეადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, რაც შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩის 2025 წლის 5 ნოემბრის წერილითაც დადასტურდა, ევროკავშირის ინსტიტუციებმა შეაჩერეს ასოცირების შეთანხმებით, ამავე შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიზნით დადგენილი, ინსტიტუციური ფორმატების მუშაობა ყველა დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აბრკოლებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს“.
„ევროკომისიის 2023 და 2024 წლების გაფართოების ანგარიშების რეკომენდაციების შესასრულებლად ხორციელდება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/123/EC დირექტივასთან. ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისა მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 71-ე სხდომის ოქმის საფუძველზე, ფუნქციონირებს სამართლებრივი დაახლოების მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია 600-ზე მეტ სამართლებრივ ვალდებულებაზე, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებიდან და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს. ამ ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 80%-მდეა“, – ნათქვამია ანგარიშში.
0
0