
მისივე თქმით, პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ დოკუმენტი მიიღებს საბოლოო სახეს, რის შემდეგაც მას სამთავრობო კომისია და შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
"გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები - ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მდიდარი საუნივერსიტეტო, აკადემიური ტრადიციები, რომელსაც აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ჩვენ ვართ იყალთოსა და გელათის აკადემიების ქვეყანა, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ საფუძველი ჩაეყარა აკადემიურ განათლებას ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება თანამედროვე განათლების სისტემას, მისი განვითარება დაიწყო დაახლოებით 1 საუკუნის წინ, როდესაც დაფუძნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამას მოჰყვა შემდეგ საუნივერსიტეტო სისტემის განვითარება. საბჭოთა პერიოდშიც იყო საკმაოდ ინტენსიური აღმავლობის პერიოდი ჩვენი განათლების სისტემისთვის. მაშინ დაფუძნდა როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ისე სხვა, მათ შორის, რეგიონული უნივერსიტეტები, თუმცა ასევე მოგეხსენებათ, რომ 90-იანმა წლებმა ძალიან მძიმე კვალი დაატყო განათლების სისტემის მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში. იყო ეკონომიკური კრიზისი, ამან გამოიწვია კრიზისი ყველა მიმართულებით და მაშინ სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს ქვეყანაში მთლიანად განათლების სისტემას და მათ შორის, უმაღლესი განათლების სისტემას. ჩვენ გვინდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და ამისათვის ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიდგას რადიკალური, პრინციპული ნაბიჯები, რათა მივიღოთ უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებული სისტემა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
2
0