
ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს!, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
მთავრობის მეთაური მადლობას უხდის მუსლიმ თემს გულწრფელი თანაგრძნობის, მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის.
„წელს ეს დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.
სწორედ ჭირსა თუ ლხინში ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.
უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
0
0