
დღეს, ჩვენ, ზუგდიდში, ვხსნით სპორტულ კომპლექსს, რაც ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას ზუგდიდისთვის, ამ რეგიონისთვის და რაც მთავარია – ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ახალგაზრდებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ზუგდიდში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამეგრელომ საქართველოს და მსოფლიოს არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი აჩუქა - ნონა გაფრინდაშვილიდან ხვიჩა კვარაცხელიამდე და ხელისუფლების ვალია, ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პირობები შეუქმნას.
პრემიერმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა კომპლექსურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.
“სამეგრელომ საქართველოს და მსოფლიოს არაერთი ლეგენდარული სპორტსმენი აჩუქა - ნონა გაფრინდაშვილიდან ხვიჩა კვარაცხელიამდე. ამ კუთხის შვილებმა ჩვენს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. სპორტი უნივერსალური ენაა, რომლითაც მსოფლიო გვიცნობს, ჩვენი ჩემპიონები კი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ელჩები არიან. ჩვენი ვალია, ამ უდიდეს პოტენციალს განვითარების ღირსეული პირობები შევუქმნათ. ახალი, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ამ თანამედროვე, ევროპული დონის სივრცეში ნებისმიერი ასაკის ადამიანს – პროფესიონალ სპორტსმენს, თუ მოყვარულს – შეეძლება ივარჯიშოს, განვითარდეს და მიაღწიოს წარმატებას. დიდი და მცირე საცურაო აუზები, რომლებიც წყალბურთის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ფიტნესისა და ძალოსნობის დარბაზები – ეს ყველაფერი ჩვენს ახალგაზრდებს სტიმულს მისცემს, აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს სპორტკომპლექსი იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც. სპორტკომპლექსის გვერდით ასევე აშენდება კალათბურთის დარბაზი, პადელის მოედანი და ჩოგბურთის კორტები, ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ყველა ეს ნაბიჯი ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სპორტის განვითარებას და ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება. მასობრივი, თუ მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ჩვენი საამაყო სპორტსმენების სათანადოდ დაფასება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ გავზარდეთ სპორტის ბიუჯეტი, რომელიც მუდმივად მზარდია, შევქმენით ცალკე სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოფს სპორტის განვითარებას ქვეყანაში, აქტიურად ვზრუნავთ მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ჩვენ გვაქვს ერთიანი პროგრამა, რომლის საფუძველზეც, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები. 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში გვინდა ასეთი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის შექმნა, რაც უზრუნველყოფს როგორც მაღალი მიღწევების სპორტის, ისე მასობრივი სპორტის განვითარებას. სპორტის განვითარება ნიშნავს არამარტო სპორტულ მიღწევებს, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, უფრო ჯანმრთელ მომავალ თაობებს და მომავალშიც ეს ყველაფერი ინება ჩვენი პრიორიტეტი,”- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო უნდა იქცეს ახალ ხორვატიად, უნდა იყოს პატარა ქვეყანა უმაღლესი სპორტული მიღწევებით და ზუგდიდის სპორტკომპლექსის მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა ამ მიზნის მიღწევას ემსახურება.
“უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული მიღწევები, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას სპორტის სფეროში - გასულ წელს, საერთაშორისო ასპარეზზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიგეს 1 259 მედალი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ვართ ნიჭიერი ხალხი სპორტის თვალსაზრისით და ეს რეგიონი გამოირჩევა სპორტული ნიჭით და ტალანტით, შესაბამისად, მას სჭირდება ხელშეწყობა. ჩვენ საქართველო უნდა ვაქციოთ ახალ ხორვატიად. საქართველო დღეს არის პატარა ქვეყანა დიდი სპორტული მიღწევებით და საქართველო უნდა იქცეს პატარა ქვეყნად უმაღლესი სპორტული მიღწევებით, მათ შორის, სპორტის გუნდურ სახეობებშიც და ამას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა, ინვესტიციები. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა, ბუნებრივია, უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0