08/08/2023
13:55
პოლიტიკა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
"პირველ რიგში, მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო, კიდევ ერთხელ, ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო ჩვენი ღრმა სამძიმარი. ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს. ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რომელმაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.
„ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, 2000-ზე მეტი დაიჭრა, და ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ ამ ომით, 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი.
0
0