
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ოპოზიციასთან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ანგარიშს წარადგენს.
მისი თქმით, გრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ათასამდე სოფელი მაღალი ხარისხისა და სიჩქარის ინტერნეტზე მიიღებს წვდომას.
„ასევე ხორციელდება წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებითაც. უკვე წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე. 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაიწყო და ბოლომდე იქნება მიყვანილი მომავალი წლის ბოლოსთვის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, აქტიურად გაგრძელდება გაზიფიკაციის პროცესი.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის საბაზისო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარებული და ხელმისაწვდომი იყოს. 21-ე საუკუნეში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ ასეთი ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი მომსახურებით სათანადოდ უზრუნველყოფილი“.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზეც.
„ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში. შარშან სერიოზული წინსვლა გვქონდა ამ სფეროში, 4 მილიარდ შემოსვალზე მეტი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან და ამ მაჩვენებლით 26%-ით გადავაჭარბეთ ჩვენს პანდემიამდელ მაჩვენებელს, რაც სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. წელს ველოდებით ასევე ძალიან კარგ მონაცემებს ტურიზმის სფეროში. გაგრძელდება აქტიური მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ტურიზმის პოტენციალი და განვავითაროთ ის ჩვენს ქვეყანაში,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ამ მხრივ ბაზრის გაფართოება იგეგმება.
შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის სამთავრო პროგრამის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას „ლელოსა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები არ ესწრებიან.
0
0
საბა ბუაძე: "ლელო" ფორმალურადაც დავტოვე
10/09/2025