24/05/2023
14:47
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრემიერის გამოსვლა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე სამაგალითო იყო.
„პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ეროვნული ინტერესებიდან გამოხვიდე და ეს იყოს პრიორიტეტი. ეს ბუნებრივია, ყველა ქვეყნის ინტერესში ზის, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იყო ამ შემთხვევაშიც. მისასალმებელია ასეთი მიდგომა. როდესაც საუბარია იმაზე, დაასანქცირებს თუ არა მაგალითად რომელიმე მიმართულებას საქართველო, პირველ რიგში, [პრემიერი] მკაფიოდ ამბობს, რომ ვერ, არ გახდება [საქართველო] სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამ მიმართულებით ჩვენი პრინციპები და პოზიცია არის ცნობილი, მაგრამ თავის მხრივ სანქციების დაწესებაზე როდესაც არის საუბარი და ეს სანქციები რომ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ქართულ საზოგადოებას, ბუნებრივია. ქართველების დამაზიანებელ ნაბიჯებს არ გადავდგამთ და ამიტომ არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები. მაგალითად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებასაც კი ჩვენი ოპონენტები ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამერიკა დაასანქცირებს ქვეყანას, ან რომელიმე აეროპორტს და კომპანიას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა არ უწესებს სანქციებს სხვას. ალბათ ეს არის ისეთი ყალბი მოლოდინი მათი მხრიდან, რომელიც შეიცავს არდასანქცირების გამო დასანქცირების პრეცედენტს. ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. ასეთი ნარატივის შეპარება ქართული საზოგადოებისთვის, არის შეურაცხყოფა“, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, რა გააკეთა ხელისუფლებამ ბოლო ათ წელში იმისთვის, რომ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირებულიყო, უმრავლესობის წევრი პასუხობს, რომ ეს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაა.
„რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება საქართველოს ინტერესებშია და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ევროპის ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტს, ან ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს, უზრუნველყოფს ამ შემთხვევაში ოკუპანტ ქვეყანასთან ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. სხვას სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0