საქართველოს ელჩმა სომხეთში გიორგი შარვაშიძემ ჟურნალისტებთან სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პრემიერი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან.
„იქნება ორგანიზებული უმაღლეს დონეზე შეხვედრები. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან იქნება პირისპირ შეხვედრა, ასევე პრესასთან შეხვედრა. იქნება შეხვედრა პრეზიდენტთან. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რამეთუ პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მემორანდუმს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი მშვიდობიანი კავკასიის მიმართულებით. ეს არის ძირითადი მიმართულება და რასაკვირველია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, ის პოზიტიური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის უპრეცედენტო ზრდა ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის, კულტურული ურთიერთობების და ტურისტული მიმართულების. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაზეც დღეს ვდგავართ და ვამბობთ, რომ ეს არის ისტორიული მაქსიმუმი“, - აღნიშნა ელჩმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.
0
0