30 წლის განმავლობაში სიტყვა “ღირსება” არ გახსენებია არავის და მე მივესალმები ამ პოლიტიკას, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„არა მარტო იმიტომ, რომ გულს უხარია, როცა ასეთი ეპითეტი ტრიალებს შენს ქვეყანაში, არამედ ეს პრაქტიკულად არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა ძალების ახალ სქემაზე ვლაპარაკობთ, აქამდე იყო რეალური თუ არარეალური რუსეთი-დასავლეთი, ახლა კიდევ არის რუსეთი-ამერიკა-ევროპა და ამათი, ამერიკისა და ევროპის გაიგივება, მგონი, გადაჭარბებულია. იქ ცალკე პრობლემებია მათ ურთიერთობებში და შემოვიდა უზარმაზარი ჩინეთი, რომელსაც სულ ელოდებოდნენ, როდის შემოვაო და აჰა, შემოვიდა. თან, შემოვიდა საქართველოში მატარებლების შემოყვანით. აი, ამდენი ფაქტორის გადაკვეთაზე საქართველოს მოუწია, იპოვოს თავისი თავი და მეობა. საკმარისია, საქართველომ თავის პოზიციაზე უარი თქვას და მთლიანად გადავიდეს ამერიკულ, ევროპულ ან ჩინურ თემაზე და ადვილად წაიშლება ქართული პოლიტიკური ხელწერა და კვალი. აი, ამ თანაკვეთაში პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველომ ყველაფრისა და ყველასგან მოახერხოს დისტანცირება და თავისი ადგილის პოვნა ასეთ რთულ გადაკვეთაზე და პოლიტიკურ ხაფანგში, რომელშიც დღეს საქართველოა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო“, – განაცხადა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, რატომ საუბრობენ ამდენს საქართველოს უცხოელი პარტნიორები საქართველოში არჩევნების შესაძლო გაყალბებასა და რევოლუციაზე, მაგალითად, ცოტა ხნით ადრე იყო კელი დეგნანის განცხადება, რომ ელექტრონული სისტემა არ არის მყარი გარანტია, რათა გაყალბება არ მოხდეს და ამას მოჰყვა სალომე ზურაბიშილის არაერთი განცხადება, რომლის მიხედვითაც ის მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელექტრონული წესით ჩატარებული არჩევნების ობიექტურობას, როდესაც არჩევენების შემდეგ ხმების დაცვის შესაძლო საჭიროებაზე საუბრობს, საყვარელიძემ განაცხადა, რომ ისეთი ორკესტრირებული სურათია მიღებული, შეუძლებელია, ეს განცხადებები არ განვიხილოთ, როგორც ერთი სცენარის რამდენიმე ნაწილი.
„რა თქმა უნდა, მივდივართ იქამდე და ალბათ უფრო დიდი კონტექსტიც გვკარნახობს, რომ ვიღაცები არიან დაინტერესებული, ჩინეთ-ევროპის კავკასიური ხაზი ატრიალდეს, გატყდეს და გაიბზაროს. ამ ხაზმა და ტრანზიტმა გააჩინა კანონი, ისტერიკა ამ კანონის გარშემო და ა.შ.“ – განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგმა ასევე განაცხადა, რომ დეკორაცია ისეთია, თითქოს მთავარია, ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ სინამდვილეში ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ნადირობაა ძველი ხელისუფლების მოყვანაზე, რომელიც საქართველომ 2012 წელს ძლივს ჩამოიშორა.
შეკითსხვაზე, რას შეცვლის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის სანქციების დაწესება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც პრემიერი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობაზე საუბრობს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ როგორც აშშ-მა გამოგვიცხადა, ჯერ არ გაგვიმხელენ სახელებს.
0
0