14/04/2025
23:14

"დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ, ყველას აღუძრავს ერთ განცდას, რომ ოპერაცია, რომელიც იმ დღეს დაიგეგმა, იყო ან ცუდად მომზადებული, ან ცუდად აღსრულებული, რადგან, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ და რომელზედაც, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს და, პრაქტიკულად, ხელახალ გამოძიებაში დააბრუნებინა სახელმწიფოს ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ გარკვეული პროცედურული საკითხები იყო დარღვეული, რასაც, საბოლოო ჯამში, მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება," - ეს განცხადება "ღამის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" წევრმა, მაია ბითაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს ეს საკითხი განიხილებოდა, მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრალი რიგით პოლიციელებს დასდო, რაც "არ არის ლამაზი მოსასმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან და გარკვეულ უსუსურობის განცდას ტოვებს."
"შეიძლება პირადად ჩემთვის გარკვეულ უხერხულობას აღძრავს ამაზე საუბარი, მაგრამ ის პასუხები, რაც ჩვენ ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, აბსოლუტურ განცდას ტოვებს იმისა, რომ ისიც დაბნეული იყო ამ პასუხებში. ცდომილებები მოვისმინეთ დღევანდელი 6 საათიანი კომისიის მიმდინარეობისას, ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია, რომელიც იქვე, თვითონ აღარ დაადასტურა და, საბოლოო ჯამში, თვალწინ წარმოგვიდგა ოპერაცია, რომელიც იყო ცუდად დაორგანიზებული და ცუდად აღსრულებული.
სამწუხაროდ, დღეს, ყოფილი პრემიერისგან მოვისმინეთ სიტყვები, რომელმაც, პრაქტიკულად, ბრალი დასდო რიგით აღმსრულებლებს და რიგით პოლიციელებს. რატომ დაიწყო რეზინის ტყვიების გამოყენება - თუ ამაზე არ გვაქვს პასუხი, თუ არ ვიცით ვინ გასცა ამის შესახებ ბრძანება, გამოდის, რომ რიგით პოლიციელებს დაუწყიათ თვითნებურად, რაც არ არის ლამაზი მოსასმენი ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან და გარკვეული უსუსურობის განცდას ტოვებს," - აცხადებს მაია ბითაძე.
0
0