22/12/2023
10:37
მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
როგორც BBC-ი წერს, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციის განცხადებით, სოციალური მედიაწყაროებიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრაღის უნივერსიტეტის სტუდენტების მკვლელი რუსეთის სკოლაში მომხდარი თავდასხმით იყო შთაგონებული, დაუდასტურებელია.
მათივე თქმით, თავდამსხმელი ასევე ეჭვმიტანილი იყო ახალგაზრდა მამაკაცისა და მისი ორი თვის გოგონას მკვლელობაში, რომლებიც, 15 დეკემბერს, პრაღის გარეუბანში, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
ჩარლზის უნივერსიტეტზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია იმ ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპულთა შორის, რომლებიც 21-ე საუკუნეში დაფიქსირდა.
2011 წლის ივლისში, ნორვეგიაში, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ოსლოს სამთავრობო შენობასთან ბომბი ააფეთქა და 8 ადამიანი იმსხვერპლა. შემდეგ კი კუნძულ უტოიას საზაფხულო ბანაკში, რომელსაც მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთა მართავს, კიდევ 69 ადამიანი მოკლა.
2002 წლის აპრილში, გერმანიაში, 19 წლის რობერტ შტაინჰაუზერმა, ქალაქ ერფურტში მდებარე საშუალო სკოლაში 16 ადამიანი, მათ შორის 13 მასწავლებელი, 2 მოსწავლე და 1 პოლიციელი, მოკლა. თავდასხმის განხორციელებამდე, შტაინჰაუზერი სკოლიდან იყო გარიცხული.
2009 წლის მარტში, გერმანიის ქალაქ ვინენდენში, შტუტგარტის მახლობლად მდებარე სკოლაზე თავდასხმისას, 17 წლის ტიმ კრეჩმერმა 15 ადამიანი (9 მოსწავლე და 3 მასწავლებელი) მოკლა. ის აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა. კრეჩმერმა, ახლომდებარე ქალაქ ვენდლინგენში, კიდევ სამ გამვლელს ესროლა.
2001 წლის სექტემბერში, შვეიცარიის ქალაქ ზუგში, პოლიციის ფორმაში ჩაცმული ფრიდრიხ ლაიბახერი რეგიონალური პარლამენტის შენობაში შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღით 14 ადამიანი მოკლა, 10 კი - დაჭრა.
2013 წლის აპრილში, სერბეთში, ბელგრადის მახლობლად მდებარე სოფელში, ლუბისა ბოგდანოვიჩმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 13 ადამიანი (მათ შორის 2 წლის ბიჭი) და საკუთარი ცოლიც დაჭრა. ბოგდანოვიჩი სამხედრო ვეტერანი იყო, რომელიც სერბებთან ერთად, ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ომში, 1990-იანი წლების დასაწყისში იბრძოდა.
ჩარლზის უნივერსიტეტი, რომელიც პრაღაში 1347 წელს დაარსდა, ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.
0
0