
რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, რომ ევროკომისია რამდენიმე კვირის წინ წარდგენილ საკუთარ ინიციატივას ეწინააღმდეგება.
„[ევროკომისიამ] პოზიცია მოულოდნელად შეიცვალა. რამდენიმე კვირის წინ წარდგენილი ინიციატივის თანახმად, ევროკომისია მხარს უჭერდა რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის $60-დან $45-მდე დაწევას, მაგრამ ის ახლა ეწინააღმდეგება ამ ნაბიჯს“, - წერს იოზვიაკი.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებას 23-29 ივნისის ფარგლებში გეგმავს. კალასმა აღნიშნული განცხადება, 23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ამ კვირის ბოლომდე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს დავამტკიცებთ. რუსული ნავთობის ფასების [ბარელზე 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე] უფრო მკაცრი ლიმიტი კვლავ განიხილება“, - განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ „ყველა სანქცია ასუსტებს რუსეთის შესაძლებლობას, აწარმოოს ეს ომი“.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, განაცხადა, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს, არ დაუჭირონ მხარი ევროკავშირის გეგმას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცების შესახებ.
0
0