"ივანიშვილი ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ მიმართავს გუნდს, კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დღეს ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ დაწერა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი თბილისში, მოლოდინები და ვერსიები, რადიო “სივრცის” შეკითხვებს, პირდაპირ ეთერში, ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ უპასუხა
-ბატონო, ზაალ, განცხადება, რომელიც თქვენ დღეს გამოაქვეყნეთ ობრაენის ვიზიტთან დაკავშირებით, - ეს თქვენი ვარაუდია, თუ რამე კონკრეტულ ინფორმაციას ეყრდნობა?
-ეს არის ირიბი ინფორმაცია. სამწუხაროდ, არ მაქვს წყაროს დასახელების უფლება, ინფორმაცია არის, რომ ობრაიენის ვიზიტი შეეხება, მათ შორის, სასანქციო პაკეტს, რომელიც შეიძლება აშშ- მა გამოიყენოს ივანიშვილთან მიმართებაში. ამაზე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი. განცხადება გაკეთდა ამერიკელი ოფიციოზის მიერ, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზეო, თუმცა მიდიოდა მზადება ამაზე. ჩემი ინფორმაციით, ამერიკული მუშაობის სტილს ვინც იცნობს, იცის, რომ კონკრეტულ მომენტში აცხადებენ ხოლმე ამის შესახებ. ჯერ დახურულ კარს მიღმა ხდება მსჯელობა და შემდეგ, თუ ვერ მოხდება შეთანხმება, ხდება საჯარო. როგორც მოსამართლეებთან დაკავშირებით ხდებოდა. მიდიოდა წინასწარ კონსულტაციები, შეხვედრები და შემდეგ საქმე მივიდა სანქციებამდე. იმ ინფორმაციის თანახმად, რაც ვიცი, სავარაუდოდ, იქნება რაღაც კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ორივე მხარეს [ოპოზიცია, ხელისუფლება] სახის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს და ამ კონფლიქტურ სიტუაციას ესკალაციის უფრო მაღალ ხარისხში არ გადაიყვანს.
-ის, რომ შეთანხმება შესაძლებელია, პარტიაში საუბრობენ?
-ვერ გეტყვით, ვერ დავასახელებ ინფორმაციის წყაროს, თუმცა ინფორმაცია მომაწოდეს ადამიანებმა, ვინც ჩახედულები არიან საქმის არსში.
-თუკი ივანიშვილმა ნადვილად დაავალა პარტიას კანონის შერბილება, რა გამოდის? ანუ, მაინცდამაინც გარედან ჩარევის საფუძველზე უნდა ყოფილიყო მითითება და რაც ქუჩაში ხდება, იმას მმართველი ძალა არ აქცევს ყურადღებას?
-ეს არის ვარაუდზე გამოთქმული მოსაზრება- შეიძლება დაავალოს, შეიძლება - არა. არ ვიცით, რა ტიპის საუბარი შედგება, თუმცა ეს მოსაზრება არის. თუ მიაქციეთ ყურადღება, ამაზე ისაუბრა როგორც პრემიერმა, ისე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. დაუშვეს ვარიანტი, რომ შესაძლოა მოხდეს კანონის შერბილება, გათვალისწინებული იქნეს ის შენიშვნები, რაც მოვა დასავლელი პარტნიორებიდან. ამასთან არის დრო, წამოგვეწიოს ვენეციის დასკვნაც და პრეზიდენტის ვეტოც იძლევა საშუალებას გაგრძელდეს 2 კვირით კანონზე მუშაობა. დროის ლუფტი იძლევა ამის საშუალებას. მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი და რაც ახლა მიმდინარეობს პარლამენტთან, ოდნავ ჩაცხრეს.
-რა ნაწილში შეიძლება შერბილდეს კანონპროექტი?
-რაც მე მაქვს იმნფორმაცია, შეიძლება შერბილდეს იმ ნაწილში, რაც ყველაზე მეტად იწვევს გაღიზიანებას, იმ ობიექტების წუხილს, ვისაც შეეხება ეს კანონი. რომ ისინი არ იწოდებოდნენ უცხო ქვეყნის ინტერსების გამტარებლებად, რაც მათთვის არის დამამცირებელი და მეორე - შესაძლოა გადაიხედოს ჯარიმის საკითხი და შემოწმების მექანიზმი შერბილდეს. არის ვარიანტები, რითაც შეიძლება შერბილდეს ეს კანონი. თუმცა, ვფიქრობ, რომც შერბილდეს ეს კანონი, პროტესტი უკვე ისეთ ფაზაშია, რომ სავარაუდოდ, არც არასამთავრობოებს და არც ოპოზიციას არ დააკმაყოფილებს. დააკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები და ევროპელები ეტყვიან, რომ ჩვენც გვაწყობს კანონი ამ სახით და ამით ჩააწყნარებენ. მათთვის დასავლეთის ერთი სიტყვაც კი საკმარისია.
-თუ აშშ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, დაიწყებს ივანიშვილის დასანქცირებაზე საუბარს, ან დეპუტატებზე, როგორ აისახება ეს 2 ქვეყნის სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე?
-საფრთხე იმაშია, რომ ეს ურთიერთობა დიდი ალბათობით, აღარ იქნება პარტნიორული. როდესაც შენს პარტნიორად მიჩნეული სახელმწიფოს პოლიტიკოსებს სანქციებს ადებ, რომელ პარტნიორობაზეა საუბარი?! გნებავთ ამერიკასთან, გნებავთ ევროპასთან მიმართებაში. ურთიერთობები უკვე სხვა კალაპოტში გადადის. მათ მოუწევთ დაფიქრება, ასეთი მკაცრი ზომებით, ხომ არ გამოიწვევნ იმას, საქართველოს და კოლექტიურ დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების ბენეფიციარი, აღმოჩნდება რუსეთი. ჩემი ვარაუდით, ისინი ამ ვარიანტსაც ითვალისწინებენ, როდესაც კონკერტულ გადაწყვეტილებაზე ფიქრობენ.
-ანუ, თუ ობრაიენი შეხვდება ივანიშვილს და მოხდება შეთანხმება, შესაბამისად, ივანიშვილის დასანქცირებაც მოიხსნება დღის წესრიგიდან?
-მიიღწევა თუ არა შეთანხება, ამის პროგნოზირება რთულია. მაგრამ როგორც დავწერე, ამის წინაპირობები არსებობს, მაგრამ პორტფელით რას ჩამოიტანს ობრაიენი, წინასწარ არ ვიცით, თუმცა, როგორც მითხრეს, პორტფელში დევს სანქციების ჩამონათვალი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ივანიშვილის დასანქცირებაზე- საუბარია დეპუტატების სანქცირებაზეც.
-რა რისკებთან გვაქვს საქმე... ვიზალიბერალიზაციას რა რისკი შეიძლება შეექმნას?
-მგონია, რომ აქამდე საქმე არ მივა. მაგ: დაასანქცირონ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები… როგორი კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ ამას, ეს ნიშნავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჩამოშლას. ეს ნიშნავს, რომ ევროპა უარს ამბობს საქართველოს ხელისუფლებასთან რაიმე სახის პოლიტიკურ ურთიერთობაზე. როგორ შეიძლება სანქცირებულ ხელისუფლებასთან დაჯდე და ილაპარაკო. მე არ მგონია, რომ ევროპაში ასეთ ხისტ ნაბიჯებზე წავიდნენ, რთული გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. უცნაურიც კია, როცა ამ ერთი კანონით იზომება თურმე საქარათველოს ევროპულ ოჯახში შესვლა- არშესვლა, როცა ევროპაშიც აქტიურად მსჯელობენ ამ კანონზე და რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს კიდეც რეგულაციები. ვფიქრობ, იმითაც არის განპირობებული, რომ მათ არ უნდათ რომ ამ კონონის მეშვეობით საქრთველოში დისკომფორტი შეექმნათ იმ ძალებს, რომელთაც საკუთარ დასყრდენად თვლიან- მაგ: არასამთავრობოებს, კრიტიკულ მედიას და ა.შ. ვფიქრობ, ევროპა ძალიან ბევრს წააგებს, თუ აყვება, ცალკეული ევროპარლამენტარების ხისტ მოწოდებებს, რომ მკაცრი ზომები იქნეს მიღებული. ეს ჩემი სუბიქტური მოსაზრებაა. რამდენიმე დღეში, ალბათ, გაკეთდება განცხადება და მეტს გავიგებთ.
ესაუბრა ზურაბ თვაური
0
0