ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის მოსახლეობა, პოლიტიკური დაპირისპირებების შემდეგ, უსაფრთხოების კრიზისის წინაშე დგას. შეიარაღებული ბანდები ადამიანებს ქუჩებში ხოცავენ, ასევე თავს დაესხნენ მოსამართლის სახლსაც, რაც მკაფიო გზავნილია ძალაუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა ჰაიტიზე არსებული მდგომარეობა პოსტ-აპოკალიფსურ ფილმს „შეშლილი მაქსი“ შეადარა.
„რა თქმა უნდა, პორტ-ო-პრენსში განხორციელებული ბოლოდროინდელი ძალადობა ნიშნავს იმას, რომ ჰაიტი ანარქიას უფრო უახლოვდება, ვიდრე სტაბილურობას. ამ მძიმე პირობებში, დედაქალაქში საავადმყოფოების დახურვის გამო, დაახლოებით 3000 ორსულ ქალს მშობიარობა შესაბამისი დახმარების გარეშე მოუწევს.
ქვეყნის მასშტაბით, ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარებაზე რეაგირება, ჯერჯერობით, უმნიშვნელოა. სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთები, ასევე საკვები, წყალი და უსაფრთხო თავშესაფარი - სულ უფრო და უფრო ძნელად ხელმისაწვდომია მილიონობით ადამიანისთვის,“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0