
პოლონეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე პეტრ ვავჟიკი დააკავეს. ის კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პოლონეთის ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, დიპლომატის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება „დაჩქარებული წესით ვიზების გაცემის სანაცვლოდ ფულადი სახსრების მიღებასთან“ დაკავშირებით.
პოლონეთის მედიის ცნობით, პეტრ ვავჟიკი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო საკითხებს კურირებდა. 2023 წლის აგვისტოში ის თანამდებობიდან გადააყენეს. ვავჟიკი დაკავშირებული იყო სქემასთან, როდესაც შუამავალი კომპანიები ოფიციალური პროცედურების გვერდის ავლით მსურველებს პოლონეთის ვიზების გაფორმებას სთავაზობდნენ და ამაში დიდ თანხებს იღებდნენ. ამის შედეგად მიგრანტები აზიიდან და აფრიკიდან შენგენის წევრ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში მოხვედრის შესაძლებლობას იღებდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, პეტრ ვავჟიკი პირადად აძლევდა კონსულებს მითითებებს, რომ გარკვეული კატეგორიის პირებს ვიზები დაჩქარებულად მისცენ, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამ მომსახურებისთვის მიგრანტები 4000-5000 აშშ დოლარს იხდიდნენ.
პოლონეთში სავიზო სკანდალის შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ამის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიზების გაფორმების შუამავალ კომპანიებთან ყველა ხელშეკრულებას აუქმებს. ასევე ქვეყნის ყველა საკონსულო განყოფილებაში შემოწმებები დაიწყო.
0
0