
პოლონეთის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 95 კილომეტრში, პოლონეთის ტერიტორიაზე უცნობი ობიექტი ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული საჰაერო იერიშის ფონზე აამოქმედეს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური საშუალებები, ასევე სადაზვერვო სისტემები, რადგან რუსულ შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს შეეძლოთ, პოლონეთის საჰაერო სივრცისთვის პოტენციური საფრთხე შეექმნათ.
პოლონეთის პოლიციაში განმარტეს, რომ მიიღეს შეტყობინება ძლიერი აფეთქების შესახებ, ხოლო ადგილზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს კრატერი, მიმოფანტული ნამსხვრევები და „უცნობი ობიექტი“.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფი მოიწვია.
„რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო დარტყმის დროს დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცე. მე შევკრიბე საკოორდინაციო ჯგუფი, რომელშიც შედიან თავდაცვის მინისტრი და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც, უკვე მრავალი საათია, ადგილზე მუშაობენ და სისტემატურად მაწვდიან ინფორმაციას ინციდენტის ყველა გარემოების შესახებ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
0
0