
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი უნდა გადაიდოს მიმდინარე ომის გამო. მისივე თქმით, ნაადრევად მიიჩნია დისკუსია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს განცხადებაპოლონეთის პრეზიდენტმა ლიეტუვის ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატო-ში ვერ შევა.
„რადგან ეს ნიშნავს, რომ პოლონეთიც და ლიეტუვაც ომში იქნებიან. ამიტომ, ეს დისკუსია უნდა გადაიდოს, ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა ნავროცკიმ.
ევროკავშირთან დაკავშირებით პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონეთისა და ლიეტუვის გაწევრიანების პროცესი წლობით გრძელდებოდა და ბევრი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის გავლენა ეკონომიკურ და ბიზნეს სექტორებზე.
„რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ უკრაინა მომავალში უნდა იყოს ცივილიზაციის ნაწილი, თუმცა, ჩემი აზრით, დღეს დისკუსია უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე ნაადრევია“, – განაცხადა ნავროცკიმ.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონელები პირველები იყვნენ, ვინც უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს სამხედრო ტექნიკის სახით და სოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად პოლონეთში მილიონი უკრაინელი მიიღეს.
„ამიტომ, ჩვენ, პოლონელები, ვთვლით, რომ სოლიდარობის გაკვეთილი შესანიშნავად შევასრულეთ და ვაგრძელებთ ამას, ვგრძნობთ იმას, რასაც დღეს უკრაინა განიცდის რუსეთის თავდასხმის გამო“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
0
0