
ვაიმარში პოლონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელიც სამმხრივი ურთიერთობების ჩამოყალიბებიდან 35 წლისთავს აღნიშნავს და ადასტურებს სამი ქვეყნის გადაწყვეტილებასა და მზადყოფნას, მომავალშიც განაგრძონ თანამშრომლობა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში რადოსლავ სიკორსკიმ, იოჰან ვადეპულმა და ჟან-ნოელ ბარომ ევროპული და ტრანსატლანტიკური პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
„მინისტრებმა ისაუბრეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე დეზინფორმაციის, უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაზე. მათ ასევე განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ჰორმუზის სრუტის რეგიონში.
გარდა ამისა, დიპლომატიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში შეხვედრების მნიშვნელოვანი დინამიკა. მათ ხაზი გაუსვეს სამმხრივი ურთიერთობების პოტენციალს, განსაკუთრებით ევროპული პოლიტიკის, უსაფრთხოების, ასევე ციფრულ, სამეცნიერო და კოსმოსურ სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით“, – ნათქვამია პრესრელიზში.
საიუბილეო დეკლარაციაში მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ერთობლივად დაუპირისპირდნენ ევროპის უსაფრთხოებისთვის წინაშე არსებულ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთის აგრესიული და იმპერიალისტური პოლიტიკიდან გამომდინარეობს.
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, რადოსლავ სიკორსკიმ ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთმა მხარი დაუჭირა მინისტრ ვადეპულის რეაქციასა და გადაწყვეტილებებს გერმანიის ტერიტორიაზე, კერძოდ ლაიფციგის აეროპორტში რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ, მათ შორის ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში რუსეთის სახლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებებს.
„არ შევეგუებით ჩვენს ტერიტორიებზე განხორციელებულ მტრულ ქმედებებს, ცეცხლის წაკიდებას, სარკინიგზო თავდასხმებსა და სხვა პროვოკაციებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. პოლონეთმა ასევე დაიბარა რუსეთის ელჩი, რათა მკაფიოდ გამოეხატა ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სახელმწიფო მხარდაჭერით ტერორიზმის მიმართ. რეალურად, ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირის პრობლემა მთელი ნატო-ს პრობლემაა. პუტინის რუსეთი კვლავ რჩება უსაფრთხოების ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიო წესრიგისთვის,“- განაცხადა სიკორსკიმ.
შეხვედრაზე დიპლომატებმა დაადასტურეს უკრაინისთვის ბრძოლის გაგრძელებაში მხარდაჭერის მზადყოფნა. ისინი შეთანხმდნენ, რომ სუვერენული უკრაინის გარეშე უსაფრთხო ევროპა ვერ იარსებებს.
პარტნიორებმა დაადასტურეს მხარდაჭერა პოლონეთის პოზიციის მიმართ ევროპის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხზე, მათ შორის ტექნოლოგიური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერების გზით, აშშ-თან პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად.
ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გააგრძელებენ და თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
0
0
გორთან მიწისძვრა მოხდა
04/09/2026