18/11/2022
21:36
მსოფლიო
ვარშავამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს არ მისცეს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება 1-2 დეკემბერს, ლოძში, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის (ეუთოს) მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.
გავრცელებული ინფორმაციით, რადიო თავისუფლებამ მოიპოვა წერილი, რომლითაც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმოქმედმა მისიამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო მიმართა ეუთოს.
„ითვალისწინებს რა პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების უპრეცედენტო ხასიათსა და მძიმე შედეგებს [ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის] ორგანიზაციისთვის, რუსეთის მხარე მოელის, რომ მოახლოებული შეხვედრის მონაწილეები პრინციპულ შეფასებას გააკეთებენ, ასევე დაგმობენ ვარშავის ამ ქმედებას, რაც არნახულია ეუთოს მთელი ისტორიის მანძილზე“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის მიერ ეუთოსთვის გაგზავნილ წერილში.
პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ. ვარშავა იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ყველაზე აქტიურ დახმარებას უწევენ უკრაინას.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0