17/04/2023
22:34
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება. ამის შესახებ დუდამ ვარშავაში თავის იტალიელ კოლეგასთან სერჯო მატარელასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დუდას თქმით, თუ უკრაინა დახმარებას არ მიიღებს, რუსეთი მოიგებს ომს, რაც რუსეთის მხრიდან მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება ევროპის ამ ნაწილის ხალხზე ბატონობის დასამყარებლად.
„პოლონელებმა კარგად იციან რას ნიშნავს რუსული სიხარბე, სხვა ხალხზე ბატონობის, დამონების, წართმევისა და მისი გამოყენების სურვილი და ამიტომაც, უკრაინას უჭერენ მხარს“, - აცხადებს დუდა.
მისივე თქმით, პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, რომ მუდმივად გაუწიოს მხარდაჭერა უკრაინას, იქამდე სანამ ეს ომი რუსეთის მარცხით არ დასრულდება. რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ის თავს დაესხმება სხვა ქვეყნებს“, - აღნიშნა დუდამ.
ამასთან, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი და იტალია ერთობლივად უჭერენ მხარს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირში.
„მათ {უკრაინელებს} უნდათ ჩვენთან ყოფნა. ჩვენ მათ მაქსიმალურად უნდა გავუხსნათ გზა“, - დასძინა ანჯეი დუდამ.
0
0