
საპატრულო პოლიციამ, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე და "ლელოს" ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დააკავა.
ვიდეომასალიდან, რომელიც დაკავების მომენტს ასახავს, ირკვევა რომ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციიდან "ძლიერი საქართველოს" ლიდერი და წევრები სახლში ბრუნდებოდნენ. ისინი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. კუპრაძემ სთხოვა განემარტათ, შეჩერების მიზეზი, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ამ დროს კი, გავრცელებული ინფორმაციით, ის ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყავნეს.
ამ პროცესს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
ირაკლი კუპრაძესთან ერთად დაკავებულები არიან ოთარ ფარულავა და ჯუბა ლოლაძე, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ისინი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ადვოკატის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე დაკავების მიზეზები უცნობია. ის ამბობს, რომ ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა მათი დაკავება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები.
0
0